წამლებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდა

2023 წლიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება. ერთ-ერთი, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმს ეხება.

მიმდინარე თვიდან სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. ცვლილება 1100-ზე მეტ, ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტს შეეხება. ფასების რეგულირება ორ დონეზე მოხდება. ეს იქნება, როგორც ორიგინალი მედიკამენტების, ასევე მათი გენერიკების ღირებულების მაქსიმალური ზღვარი. ფასები საბითუმო და საცალო დონეზე დარეგულირდება. საცალო ქსელს, წამლის ღირებულების შესაბამისად, გარკვეული პროცენტული ფასნამატის გაკეთება შეეძლება. მარჟები, საბითუმო გასაყიდი ფასის მიხედვით მერყეობს და 15%-დან 40%-მდე განისაზღვრება. რაც უფრო ძვირია წამლის ღირებულება, მით უფრო მცირდება მარჟა, ხოლო 100 ლარის ზევით, ღირებულების მედიკამენტზე, საცალო კომპანიებს, ფიქსირებულად, მაქსიმუმ 20 ლარის დამატება შეეძლებათ.