ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა

უკრაინის ხელისუფლებამ საომარი მდგომარეობის დროს სახელმწიფო თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ გასვლა შეუზღუდა. ქვეყნის დატოვებას ისინი მხოლოდ სამსახურებრივი მივლინების დროს შეძლებენ. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, შესაბამის განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკადრო ცვლილებებიც დააანონსა. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ და რამდენიმე სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. ზელენსკიმ ტიმოშენკოს გადადგომის განაცხადი უკვე დააკმაყოფილა. ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ილაპარაკა სასულიერო პირებისთვის სანქციების დაწესების შესახებ. მისი თქმით, გარკვეული პირები სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ ტერორისა და გენოციდის პოლიტიკას.