„კუნძულ ზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას შავ ზღვაში“, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 127-ე დღის ბოლოს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა ყველა სამხედრო მოსამსახურეს, დაზვერვას და მფრინავებს, რომლებმაც ზმეინის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანეს. ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიტუაცია დონბასში განსაკუთრებით მძიმეა და ყველა, ვინც ქვეყნის აღმოსავლეთში იბრძვის, გმირია. თავის მიმართვაში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკას, მორიგი სამხედრო დახმარებისათვის. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მიულოცა ჩეხეთს ევროკავშირის თავმჯდომარეობის გადაბარება და მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მთავრობას, რომ მათ ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში ერთ-ერთ პრიორიტეტად უკრაინა დაასახელეს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა აქტიურად იმუშავებს, რათა უახლოეს ხანში დაიწყოს მზადება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.