ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ, მისი აზრით, დონალდ ტრამპმა, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერმა, რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოს. „ეიბისი ნიუსთან“ საუბარში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტს რუსეთზე ზეწოლის ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს: სანქციები, ეკონომიკური ბლოკადა, იარაღის პაკეტები უკრაინისთვის და ევროპელი ლიდერების ერთიანობა მის გარშემო. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ვატიკანში ტრამპთან გამართულ მოლაპარაკებებზე და თქვა, რომ სწორედ ეს შეხვედრა დაეხმარა მას ამერიკის პრეზიდენტთან ურთიერთობის უკეთესობისკენ შეცვლაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი ოვალურ კაბინეტში 28 თებერვალს გამართულ შეხვედრასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს რთული დისკუსია იყო, ხოლო ვატიკანში ხანმოკლე შეხვედრა – კარგი და პროდუქტიული.