„ღიად თუ ვსაუბრობთ, მაშინ გულწრფელად ვთქვათ, არიან ქვეყნები, რომლებიც ნატო-ში არ გვხედავენ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ომში ვართ“- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას უფლება აქვს, მოითხოვოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, რათა რუსეთმა ქვეყანაზე თავდასხმა ვეღარ შეძლოს. მისივე განცხადებით, ამის შესახებ ისაუბრა ტრამპთან მისი პირველი პრეზიდენტობის ვადის დროს, შემდეგ – პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ახლა კვლავ ესაუბრება ტრამპს, რომელიც ემზადება თეთრ სახლში დასაბრუნებლად. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არიან ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. „ეს იყო აშშ, ეს იყო გერმანია, ეს იყო უნგრეთი და ესენი იყვნენ სლოვაკები. და ეს ფაქტია. და თუ ჩვენ ღიად ვსაუბრობთ, მაშინ გულწრფელად ვთქვათ – ისინი იქ არ გვხედავენ. მჯერა, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ომში ვართ.”- აღნიშნა ზელენსკიმ.