ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის სამიტის მონაწილეებს მიმართა: „თბილისში მოქმედი მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, მოგიწოდებთ, მოახდინოთ ზეწოლა“.- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის გამოსვლის ტექსტს უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. „მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მუშაობს ჩვენი კონტინენტის გეოპოლიტიკური სიცხადისა და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს შესაძლებელია მხოლოდ ყველა ევროპული ქვეყნის ევროკავშირის სტრუქტურებში და, რა თქმა უნდა, ნატო-ში ჩართვის გზით. არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ უნდა დარჩეს გაერთიანებული ევროპისა და ალიანსის მიღმა – ეს ეხება უკრაინასაც, მოლდოვასაც და ბალკანეთის ქვეყნებსაც. სამწუხაროდ, საქართველოში რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებული მაფია მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და ის ევროპულ გზას ჩამოაშოროს. მოგიწოდებთ თქვენ, მოახდინოთ ზეწოლა, განსაკუთრებით ივანიშვილზე და მის მეგობრებზე, რომ არ მისცეთ მას საშუალება, მიიღოს სარგებელი საქართველოს მოპარული ევროპული მომავლისგან და დაკარგული ათწლეულების პროგრესისგან. ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენს ევროპაში ვერც ერთი ქვეყნის დაკარგვას, რადგან ერთის დაცემა დაგვაახლოებს ყველას გახლეჩასთან და კონფლიქტთან.“, – განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნება“.