უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან სამხედროებს დონეცკისა და ხარკოვის მიმართულებით აგზავნიან. მანამდე, ჩერნიგოვის გუბერნატორი იუწყებოდა, რომ საოკუპაციო ძალების თავდასხმები არ წყდება. ინტენსიური დაბომბვების შედეგად განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ისევ დაძაბულია ვითარება ბუჩის რაიონშიც. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ქალაქ ირპენში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. პენტაგონის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურის დატოვება დაიწყეს და ბელარუსის ტერიტორიისკენ მიემართებიან. რუსი სამხედროები განაგრძობენ ხარკოვის ბლოკირებას და საარტილერიო თავდასხმებს. სიტუაცია უცვლელია მარიუპოლში, რომელიც კვლავ ბლოკირებულია და მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები.
უკრაინაში მუშაობას განაგრძობს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი. ქალაქ ლვოვიდან პირდაპირი ჩართვა – რატი ხვისტანი და დავით ცირიკიძე.