ვითარება უკრაინაში

რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმებს გუშინ ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ზელენსკი მადლობას უხდის პარტნიორებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებისთვის, რომელსაც რუსული თავდასხმების გასანეიტრალებლად იყენებენ. ორშაბათს შავი ზღვის ფლოტიდან და ავიაციის საშუალებით განხორციელებული მასშტაბური დაბომბვის დროს, რუსეთმა 70-მდე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, თუმცა როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, 60-ზე მეტი სწორედ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ მოიგერია. განგაშის სიგნალი და აფეთქებების ხმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ისმოდა. გავრცელებული ცნობით, ჭურვები ჩამოცვივდა ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. განადგურებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. აფეთქებების ხმა გაისმა დონეცკის, პოლტავის, ხარკოვის, ოდესისა და მიკოლაევის ოლქებში. სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაზიანდა წყალმომარაგების ქსელიც და დასახლებები, მათ შორის ოდესაც დენისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩა. კიევის მოსახლეობა კი თავს მეტროსადგურებს აფარებს. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, საერთო ჯამში, უკრაინის ენერგოსისტემის მთლიანობა სარაკეტო თავდასხმების შედეგად არ დარღვეულა, თუმცა კიევის, ვინიცისა და ოდესის ოლქებში, გარკვეულ წერტილებში დაზიანება ფიქსირდება, რის გამოც, ზოგიერთ რეგიონში სისტემის დასაბალანსებლად ავარიული გათიშვა გამოიყენეს.