ვითარება უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის მეთაურები აცხადებენ, რომ ახალ კახოვკაში განადგურებულია რუსეთის რადიო-ლოკაციური სადგური. ამასთან, როგორც უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რუსებს საცეცხლე კონტროლი აქვთ დამყარებული ხერსონის ოლქზე და სხვადასხვა დასახლებებს უხსნიან ცეცხლს. მათ შორის ჩერნობაევკას, ანტონოვკასა და ქალაქ ხერსონასაც. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს დაიღუპა ადგილობრივი მოსახლე, დაზიანდა სახლები. იზრდება რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე მიტანილი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ბოლო მონაცემებით, მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ცხედარი ამოიყვანეს. დნიპროში კი დაბომბვის დროს დაშავდა 23 ადამიანი. ბოლო 24 საათში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების 9 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციაში ვკითხულობთ. უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთის არმიამ ბოლო დღე-ღამეში 5 საავიაციო და 27 სარაკეტო დარტყმა მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს სარაკეტო დარტყმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რის გამოც, 10 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.