ვითარება თვალჭრელიძის ქუჩაზე - აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება
თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილი ამ დრომდე ადგილზე რჩება. ისინი კრედიტორების შეთავაზებას არ დათანხმდნენ და საცხოვრებელი ფართების გამოყოფას ითხოვენ. აღნიშნული შენობების დემონტაჟი დღეს უნდა დაიწყოს.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. პოლიციამ გუშინ ადმინისტრაციული წესით 17 ადამიანი დააკავა. თვალჭრელიძის ქუჩაზე, გამოსახლების პროცესი გვიან ღამით დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირები სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული. ადგილზე გუშინ სამოქალაქო აქტივისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც გამოსახლებული მოსახლეობის სოლიდარობის ნიშნად მივიდნენ. ღამის განმავლობაში აქტივისტებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში გამოსახლების პროცესი დაასრულა: „ათეულობით ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ მისამართზე მუდმივად ცხოვრობდა 39 ოჯახი. მათგან დევნილისა და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებმა თბილისის მერიისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან მიიღეს დახმარების შეთავაზებები. გამოსახლების პროცესი მისი დაწყებიდან გადადებული იყო ორჯერ, რითაც მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო მორიგების და საქმის ნებაყოფლობით დასრულებისთვის. სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგად კრედიტორმა მისამართზე უკანონოდ მცხოვრებ პირებს შესთავაზა ერთჯერადი კომპენსაცია ან ბინის ქირით უზრუნველყოფა, რასაც მობინადრეთა უმეტესი ნაწილი დღეს დაეთანხმა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით მუშაობის პროცესში მიმდინარეობდა მაცხოვრებელთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და პროცესისათვის მომზადება. მოსახლეობას აუხსნეს, რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობას. ასევე, განსაკუთრებით ხაზგასმული იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ შენობა-ნაგებობები საცხოვრებლად საშიში იყო. მორყეული იყო მზიდი კედლები, რასაც კიდევ უფრო საშიშს ხდიდა იქ მიმდინარე თვითნებური სარემონტო სამუშაოები. საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შენობა-ნაგებობების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ადასტურებს“, – აღნიშნულია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.