როგორ ესახებათ ქართულ პოლიტიკურ ველზე ოპოზიციის გააქტიურება – ეს კითხვა დღის წესრიგში თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადების შემდეგ, მეტად აქტუალური გახდა. ის ამბობს, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ, დასავლეთში ოპოზიციის ავტორიტეტი შეირყა და ისინი კიდევ უფრო სუსტად ჩანან ვიდრე მანამდე. ამ განცხადებას ეთანხმებიან ოპოზიციის ნაწილში, თუმცა მაგალითად, ერთიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავად თამარ ჩერგოლეიშვილის კრიტიკა ისმის. მმართველი გუნდისთვის კი – ოპოზიციის პერსპექტივა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებობდა, რაც მათივე თქმით, ოპონენტებმა ვერ გამოიყენეს. ამასთან ერთად, ამ დრომდე გაურკვეველია შეიცვლება თუ არა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა, შესაძლოა, ლევან სანიკიძემ შეცვალოს, თუმცა აღნიშნულს ნაციონალური მოძრაობის წევრები არ ადასტურებენ. პარალელურად კი – ლიდერები არ მალავენ, რომ პარტიაში პრობლემებიც არსებობს.