„ოკუპირებული მარიუპოლის ირგვლივ მდებარე საგუშაგოებზე, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციასა და ადგილობრივ კოლაბორანტებს რუსული გვარდიისა და „კადიროველების“ წარმომადგენლები ცვლიან და ფაქტობრივად, ქალაქიდან ევაკუაცია შეუძლებელი ხდება“, – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრიუშენკომ „ტელეგრამით“ განაცხადა.
„ქალაქიდან ჩვენი წყაროები იტყობინებიან, რომ მარიუპოლის გარშემო საგუშაგო-გამშვებ პუნქტებზე, ზაპოროჟიეს მიმართულებით, ოკუპანტების როტაცია მიმდინარეობს, ამბობს ანდრიუშენკო. მისივე თქმით, ოკუპანტები დამატებით საგუშაგოებს აწყობენ იმ გრუნტოვან გზებზეც, რომელთა საშუალებით ბლოკპოსტების გვერდის ავლაა შესაძლებელი. მერის მრჩეველი ამბობს, რომ ფაქტობრივად, დღეიდან ქალაქიდან ნებისმიერი ევაკუაცია შეუძლებელი ხდება, ვიდრე მოლაპარაკებების შედეგად გარკვეული დერეფნები არ გაიხსნება.
„ყველა, ვინც ოკუპანტების პროპაგანდას და ინფორმაციას ეყრდნობა და პირადი ნივთების გასატანად მარიუპოლში დროებით დაბრუნებას აპირებს, ნუ გააკეთებს ამას“, – განაცხადა ქალაქის მერის მრჩეველმა და აღნიშნა, რომ განაგრძობენ მუშაობას ევაკუაციისთვის.