ვითარება მარიუპოლში

„აზოვსტალის“ ბუნკერების ნანგრევებში ჩარჩენილია 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა გამოყვანა ვერ ხერხდება, მათ შორის არიან ბავშვები – ამის შესახებ პოლკ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, სააგენტო „როიტერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელ მებრძოლებს ესმით ხალხის ხმა, თუმცა ნანგრევებიდან მათ ამოყვანას ვერ ახერხებენ, რადგან ნანგრევების გასაწმენდად სპეციალური ტექნიკაა საჭირო. „აზოვსტალის“ ქარხნიდან მოქალაქეების ერთი ჯგუფის გაყვანა გასულ შაბათ-კვირას გაერო-სა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით მოხერხდა. ევაკუაცია გუშინაც უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, პროცესი შეფერხდა. მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, საევაკუაციო დერეფანი დღეს დილიდან უნდა გაიხსნას. „აზოვსტალის“ ქარხანაში ბლოკირებული უკრაინის ნაციონალური გვარდიის მებრძოლები ხელისუფლებასა და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ და მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.