ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ისრაელი ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ იერიშებს ახორციელებდა. ისრაელში აცხადებენ, რომ იერიშები განხორციელდა დაჯგუფება „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრებსა და „ჰამასის“ სხვადასხვა ინფრასტრუქტურაზე.
რამდენიმე საათის წინ სირენების ხმა ისმოდა ისრაელის სანაპირო ქალაქ აშდოდში. მოკლე პერიოდით გაიხსნა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი პუნქტი, რომელიც ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს აკავშირებს. საზღვარზე 20 სატვირთო ჰუმანიტარული ტვირთი გადავიდა და ისევ დაიკეტა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ოთხი საავადმყოფო ევაკუაციაზე უარს ამბობს და „ჰამასი“ მათ ფარად იყენებს.
დღესვე ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომთან დაკავშირებით ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის მაღალჩინოსანი მიიღებს, მათ შორის იქნება პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, რამდენიმე ევროპული ქვეყნის პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი. შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ ისრაელის, „ჰამასის“, აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები.