ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილისკენ მიიწევს. ჰუმანიტარული პაუზის დასრულების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სამხრეთ ტერიტორიაზე, 400-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს საჰაერო იერიში. დაიბომბა ქალაქ ხან იუნისის მისადგომები, სადაც ისრაელის შეფასებით, „ჰამასის“ მებრძოლები იმყოფებიან. საბრძოლო მოქმედებების შემდგომი არეალიც, სავარაუდოდ, ეს ტერიტორია იქნება. აღსანიშნავია, რომ ღაზის სამხრეთ ტერიტორიას აფარებს თავს, ჩრდილოეთიდან ევაკუირებული მოსახლეობაც, რომელთაც ახლა კიდევ უფრო სამხრეთით, ეგვიპტის საზღვრის მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებენ. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, გასული 24 საათის განმავლობაში, ისრაელმა 2 სამხედრო დაკარგა. ამასთან, შეიარაღებული ძალების ცნობით, მათ შეძლეს „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის მოკვლა, რომელმაც 7 ოქტომბრის მოვლენების დროს, ნახალ-ოზის დასახლებაზე თავდასხმა დაგეგმა. ღაზის ჩრდილოეთიდან, თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო იერიში განხორციელდა, 10-მდე ჭურვი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გააუვნებელყო.