ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისევ რთული ვითარებაა ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქ რაფაჰში, რომელსაც ისრაელის სამხედრო ავიაცია ბომბავს. გაერო-ში აცხადებენ, რომ ღაზის სამხრეთ ნაწილში 800 ათასი პალესტინელი იძულებული გახდა რაფაჰიდან გაქცეულიყო. გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ხალხი გარბის ისეთ ადგილებში, სადაც არ არის წყალმომარაგება ან ადეკვატური სანიტარული პირობები. ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა. შეხვედრის დროს ღაზაში არსებული ვითარება და ომის შეჩერების აუცილებლობა განიხილეს. ამასთან, საუბრის თემა იყო ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის საკითხი. საუდის არაბეთის შემდეგ სალივანი ისრაელში გაემგზავრება.

ისრაელის ომის კაბინეტის წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენი განცი პრემიერ-მინისტრისგან ექვსპუნქტიან გეგმას ითხოვს, რომელსაც ნეთანიაჰუ 8 ივნისამდე წარადგენს. გეგმა ღაზის სექტორის საკითხს, მძევლების დაბრუნებასა და არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობებს უნდა შეეხებოდეს. ომის კაბინეტის წევრის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის პარტიას საგანგებო მთავრობიდან გაიყვანს. განცმა პირობა დადო, რომ მისი „ნაციონალური ერთობა“ ყველაფერს გააკეთებს კურსის შესაცვლელად და რეალური გამარჯვებისთვის. განცის მოთხოვნებს გამოეხმაურა თავად ნეთანიაჰუ და აღნიშნა, რომ მათი შესრულება ისრაელის დამარცხებას ნიშნავს. ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეწინააღმდეგება ღაზის სექტორში პალესტინის ხელისუფლების შეყვანას და სახელმწიფოს შექმნას, რომელიც მისივე შეფასებით, აუცილებლად ტერორისტული იქნება.