ღაზაში ორი თავდასხმის შედეგად, ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში მყოფი, სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა – ინფორმაციას ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ღაზას ცენტრალურ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრზე საჰაერო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში, ისრაელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა, 155 კი დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავდასხმა უარყვეს. პარალელურად, მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა თელ-ავივში, სადაც მომიტინგეებმა გზატკეცილები გადაკეტეს.
„ჰამასმა“ შუამავლებს წარუდგინა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ისრაელელი ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და ავადმყოფი მძევლების გათავისუფლებას, 700-1 000 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ. „ჰამასმა“ განაცხადა, რომ წინადადების თანახმად, მძევლებისა და ტყვეების თავდაპირველი გაცვლის შემდეგ, შეთანხმდება მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის თარიღზე.