ისრაელმა და „ჰამასმა“ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით პოზიციები დააახლოეს, – იუწყება „როიტერსი“. ისრაელში ამ ინფორმაციას უარყოფენ. როგორც სააგენტოს ანონიმურმა წყარომ აცნობა, ისრაელისა და „ჰამასის“ შეთანხმება თითქმის მიღწეულია. საუბარია ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტაზე, ასევე ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებაზე.
„როიტერსის“ ცნობით, კატარი, აშშ და ეგვიპტე 28 დეკემბრიდან ცდილობენ, დააახლოონ ისრაელისა და „ჰამასის“ პოზიციები, რამაც ღაზის სექტორში ძალადობის შემცირებისა და ანკლავში მეტი ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანის შესაძლებლობა უნდა გააჩინოს. ისრაელის ოფიციალური პირები „ჰამასთან“ მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევას ამ დრომდე უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ მხარეებს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოება რჩება.
ისრაელი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებებს ამ დროისთვის ისევ აგრძელებს. „როიტერის“ ცნობით, სამხედროები ცდილობენ, ალყაში მოაქციონ ქალაქი ხან იუნისი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო 24 საათში ღაზის სექტორში მოკლულია „ჰამასის“ 100-ზე მეტი მებრძოლი. საერთო ჯამში კი ისრაელის ხელისუფლება „ჰამასის“ 9 000 მებრძოლის ლიკვიდაციის შესახებ აცხადებს.