ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ღაზის სექტორში ისრაელი სამხედრო მოქმედებებს აგრძელებს. გავრცელებული ცნობით, ჯარისკაცები ანკლავის სამხრეთისკენ მიიწევენ და უახლოვდებიან იმ რაიონებს, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. თვითმხილველთა ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ ხან-იუნისთან, სადაც ისრაელის ცნობით, „ჰამასის“ წევრები იმალებიან. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ნასარის ჰოსპიტლის სიახლოვეს. ეს ღაზის სექტორში განლაგებული ერთ-ერთი დიდი ჰოსპიტალია, რომელიც მუშაობას ჯერ ისევ აგრძელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ხან-იუნისში ბრძოლის დროს განადგურებულია ათობით ტერორისტი. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო და სახმელეთო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკვე 25 ათასს უახლოვდება. გაერო-ს ინფორმაციით კი, ღაზაში საცხოვრებელი სახლების 60% დანგრეული ან დაზიანებულია. დანგრეულია სკოლები, საავადმყოფოები და საჯარო სამსახურების შენობები. ეს კი ორგანიზაციის შეფასებით, ღაზაში ცხოვრებას თითქმის შეუძლებელს ხდის.