„ჰამასის“ მიერ ისრაელზე მოწყობილი თავდასხმიდან და ისრაელის მიერ ღაზის სექტორში დაწყებული ომიდან 100 დღე გავიდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო 24 საათში მათ ღაზის სექტორში „ჰამასის“ 14 მებრძოლი მოკლეს. კიდევ 4 თავდამსხმელი კი ლიბანის საზღვართან არის ლიკვიდირებული. ასევე განადგურებულია ღაზის სექტორში მოწყობილ სამალავებში განლაგებული რაკეტების გამშვები სისტემები. ბრძოლა გრძელდება ანკლავის სამხრეთშიც. ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელელი სამხედროები განაგრძობენ რეიდებს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზეც. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, მძევლების გათავისუფლება და „ჰამასის“ განადგურება მხოლოდ სამხედრო გზით არის შესაძლებელი. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ომის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24 ათასს უახლოვდება.