ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ანკლავში 22 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ ახლა ღაზაში 108 მძევალია ცოცხალი, რომლებიც თავდასხმის დროს ტყვედ აიყვანეს.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა ღაზაში ომის შემდგომი გეგმების შესახებ, რაც მოიცავს ახალ საბრძოლო მიდგომას ჩრდილოეთ ნაწილში და მუდმივი კონტროლის ქონას „ჰამასის“ ლიდერებზე ანკლავის სამხრეთ ტერიტორიაზე. გალანტის თქმით, მესამე ფაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები ჩრდილოეთ ღაზაში გამოიყენებენ „ახალ საბრძოლო მიდგომას“, რომელიც მოიცავს „შეტევებს, ტერორისტული გვირაბების განადგურებას, საჰაერო და სახმელეთო მოქმედებებს და სპეცოპერაციებს“. ომის მიზნებზე ისაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც.