ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ბარ „ვარშავის“ და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები წარადგინა.

დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებულებს ვიტალი საფაროვთან კავშირი არ ჰქონიათ. საქმის პროკურორის განცხადებით, კადრებში ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან ბრალდებულები ვიტალი საფაროვთან ერთად და როგორ გარბიან ისინი მკვლელობის შემდეგ დანაშაულის ადგილიდან.

25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. მათ სიძულვილის მოტივით ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, რაც სასჯელის სახედ 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.