ვის როგორ ესმის შერიგების იდეა

პრეზიდენტის გუშინდელი საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ აქტიურდება კითხვა – რა პერსპექტივა აქვს მის მიერ დაწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესს მაშინ, როცა გლობალური გამოწვევების და საფრთხეების ფონზე მთავარი საკითხების გარშემო პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაციის და გაერთიანების პერსპექტივა სულ უფრო მცირდება. ეს იმ რეაქციებითაც დასტურდება, რომლებიც ხელისუფლების და ოპოზიციის მისამართით სალომე ზურაბიშვილის მწვავე გზავნილებს და პოლარიზაციის დასრულების მოწოდებას მოჰყვა. შენიშვნები არც ერთმა მთავარმა ადრესატმა არ მიიღო. „ქართული ოცნებისთვის“ გაუგებარია, როგორ უნდა იპოვოს საერთო ენა იმ ოპოზიციურ ძალებთან, რომლებიც თავად პრეზიდენტმა გუშინ საგარეო ასპარეზზე ქვეყნისთვის ძირის გამომთხრელ მოქმედებებში დაადანაშაულა. ოპოზიციაში კი ჯერ ვერ თანხმდებიან, თუ რა საკითხებზე შეიძლება ეროვნული თანხმობის მიღწევა. მაშინ როცა ოპოზიციის დიდი ნაწილი ასეთ საკითხებად ევროინტეგრაციის პროცესს და საფრთხეების გამოწვევებს ასახელებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამონათვალს კიდევ ერთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს ამატებს. ვინ ვის რაზე უნდა შეურიგდეს და რა თემებზე სურს პრეზიდენტს ეროვნული თანხმობის მიღწევა – ინიციატივა დღემდე ბუნდოვანი რჩება საზოგადოების ნაწილშიც.