ვიქტორ ორბანის განცხადება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა. ამის შესახებ ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. უნგრეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ის ცოტა ხნის წინ ესაუბრა სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს, რომელმაც მას მიაწოდა ინფორმაცია უნგრეთისა და სერბეთის დამაკავშირებელ ბუნებრივი აირის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე აღმოჩენილი ასაფეთქებლის შესახებ. ორბანი ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს, თავად კი თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სერბეთის პრეზიდენტის ინფორმაციით კი, აღმოჩენილია ორი დიდი პაკეტი ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონატორებით. მისი განმარტებით, დივერსიის განხორციელების შემთხვევაში, ორივე ქვეყანა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩებოდა.