ვინ ითხოვს მანდატის შეწყვეტას – შეფასებები
კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს 14-ივე მანდატის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. რეგლამენტის თანახმად, განცხადებები საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სახელზე იწერება. „ძლიერმა საქართველომ“ კი განცხადების სათაურში დაწერა – „თვითმარქვია პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარეს “ – განცხადებაში საუბარია პარლამენტის არალეგიტიმურობის შესახებ და მანდატების დატოვების მიზეზადაც ეს არის დასახელებული. უკვე გაჩნდა ვარაუდი, რომ კანცელარიაში ჩაბარებული დოკუმენტის სათაური მისი არ დაკმაყოფილების მიზეზი შეიძლება გახდეს და მანდატების გაუქმებაზე ასეთი ფორმით დაწერილი განცხადება დახარვეზდეს. მანდატების დატოვება საკანონმდებლო ორგანოს უკვე მოსთხოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“ . მანამდე ინდივიდუალურად, გიორგი ვაშაძემ, რომელიც პარლამენტში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოხვდა. ამავე პარტიიდან კიდევ 15 წევრს უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებები ჯერ არ დაუწერია. მანდატების გაუქმებას ჯერჯერობით არ აპირებს გიორგი გახარიას გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპოზიცია დროს წელავს და პროცედურული ხარვეზებით უკან დასახევ გზას იტოვებს. საკითხზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც.