ვენეციის კომისიის დასკვნა – გამოხმაურება
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა თბილისში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი იზიარებს კომისიის დასკვნის აქცენტებს, „ქართული ოცნება“ კი მიიჩნევს, რომ დასკვნა დეზინფორმაციას ეფუძნება და ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს მოიცავს.
კომისიის დასკვნა ეხება 2026 წლის 4 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „გრანტების შესახებ“კანონს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსს და მასთან დაკავშირებულ აქტებს. კომისია კიდევ ერთხელ იმეორებს 2025 წლის დასკვნას, სადაც საუბარია, რომ „საკანონმდებლო ცვლილებები კანონის უზენაესობის, სამოქალაქო სივრცისა და დემოკრატიული თავისუფლებების შელახვის რისკს ქმნიდა“ და მათი გაუქმების მოწოდებით გამოვიდა. ვენეციის კომისიის განცხადებით, 2025 წლის დასკვნის შემდეგ, საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ადამიანის საერთაშორისო უფლებების სტანდარტებს არღვევს და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადახედოს სისხლის სამართლის რეგულაციების გამოყენებას. დოკუმენტის მიხედვით, ვენეციის კომისია მტკიცედ მიიჩნევს, რომ ნახსენები კანონმდებლობა არ ისახავს მიზნად საქართველოსა და პოლიტიკური პარტიების სუვერენიტეტის უცხოური გავლენისა და ჩარევისგან დაცვას.