ველისციხე რეაბილიტაციის მოლოდინში
60-მდე სახლის, თეატრის, მოედნისა და ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ჯერ კიდევ 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა სამუშაოები დიდი ხანია აღარ მიმდინარეობს. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია თეატრის შენობა, რომლის ფასადისა და პირველი სართულის რეკონსტუქციაზეც ტენდერი ჯერ კიდევ 2021 წელს გამოცხადდა, გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლები კი იქ დიდი ხანია აღარ გამოჩენილან. „მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სამწუხაროდ, ვადაში ძალიან გაიწელა“- ეს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის დიდი დისკომფორტია, თქვა ოქტომბრის ბოლოს ინტერპელაციის წესით პარლამენტში მისულმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რომლისგანაც ისიც მოვისმინეთ, რომ სამინისტრო ამ ლოკაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებდა, თუმცა ჯერ უცნობია, რა ბედი ელის შეჩერებულ პროექტს. ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ოცდაათ მილიონიანი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები