ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ შეცვლილი პოლიტიკური რეალობა საფრანგეთში – ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ამ გადაწყვეტილებისკენ მოქმედ პრეზიდენტს ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პოლიტიკური ძალის მარცხმა უბიძგა. ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიამ შედეგები მკვეთრად გააუმჯობესა და საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა. თუ საპარლამენტო არჩევნებიც მაკრონის პარტიისთვის წარუმატებლად დასრულდება, პრეზიდენტი გადადგომას მაინც არ აპირებს.
თავის მხრივ, გამარჯვებაში დარწმუნებულია ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“, რომელიც ახლა სხვა პოლიტიკურ ძალებს მის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს. პოლიტიკური აქტორების ნაწილი ამ შეთავაზებას იღებს. ეროვნული ასამბლეის ახალი შემადგენლობა ივლისის დასაწყისში გახდება ცნობილი.