რა ფორმატში განაგრძობენ ოთხი ბარიერგადალახული პარტია და სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ საქმიანობას ერთად თუ ცალცალკე – თვეების განმავლობაში ექსპრეზიდენტის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესში დისონანსი თავად სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ შეიტანა.
ოპოზიციური გაერთიანების ძლიერი კოორდინაციით ჩანაცვლებამ განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ გააღიზიანა. ყოფილი სახელისუფლებო პარტია, რომელიც წარსულში ერთობის შეთავაზებით არაერთხელ, თუმცა უშედეგოდ პოზიციონირებდა, სალომე ზურაბიშვილს რამდენიმე დღეა მწვავედ აკრიტიკებს. უკვე დღეს კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის პროცესში საკუთარ გადამწყვეტ და დომინანტურ როლზე ალაპარაკდნენ. თუ გახარიას პარტია რაიმე სახით ერთობას თავიდანვე გამორიცხავდა, ოპოზიციური გაერთიანების რესურსს ამ ეტაპზე ვერც კონსულტაციების მონაწილე სხვა პარტიები ხედავენ. ექსპრეზიდენტს კი ბრალდებებისთვის არც დღეს უპასუხია და სხვადასხვა საკითხებზე მუშაობის გაგრძელება ისევ კოორდინაციის ფორმატში დააანონსა.