USAID-ის ფაილები – შეფასებები თბილისში
თეთრმა სახლმა USAID-ის 2019–2024 წლების შიდა მიმოწერა და საიდუმლო მემორანდუმები გაასაჯაროვა. მიმოწერები დეტალურად აღწერს საქართველოში ამერიკის მიერ დაფინანსებულ მედია და კონტრდეზინფორმაციულ პროგრამებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ შტატების წინა ადმინისტრაციების დროს USAID-ს იყენებდნენ იარაღად, რადიკალური დღის წესრიგის გასატარებლად, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ საქართველო USAID-ის გლობალურ პორტფელში ერთ-ერთ მთავარ საპილოტე ქვეყნად განიხილებოდა – დაწყებული სოციალური ქსელების მონიტორინგით, გაგრძელებული საქართველოს ხელისუფლებასთან 2023–2024 წლებში განვითარებული ღია დაპირისპირებით.
გამოქვეყნებული ფაილების მიხედვით, ქვეყანაში მედიისა და კონტრდეზინფორმაციის მიმართულებით, ორი მსხვილი პროგრამა მოქმედებდა. პროექტებს: ორგანიზაციები „ზინკ ნეტვორქი“ და „აი-რექსი“ მართავდნენ. დოკუმენტებში წერია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო, სააგენტომ მთავრობასთან პარტნიორობაზე უარი თქვა და აქცენტი ალტერნატიული ნარატივების შექმნასა და მოქალაქეთა განწყობების შეცვლაზე გადაიტანა. ანგარიშებში დასახელებულია კონკრეტული ქართული ენჯეოებიც, რომლებიც USAID-ისა და მისი პარტნიორების პროექტებში მონაწილეობდნენ. მათ შორისაა: „სამართლიანი არჩევნები“, „ფაქტ-ჩეკი“ და 13 ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია. მიმოწერით დგინდება პირდაპირი კოორდინაცია ტექნოლოგიურ გიგანტ „მეტასთან“: ქართული ორგანიზაციების მონაცემებით პლატფორმამ ასობით გვერდი წაშალა. თეთრი სახლის მიერ გასაჯაროებული მასალები აჩვენებს, რომ ბოლო ხუთ წელიწადში, საქართველო სააგენტოსთვის ერთგვარი საინფორმაციო ლაბორატორია იყო, რომლის გამოცდილების სხვა ქვეყნებში გამოყენებასაც USAID-ის ადმინისტრატორი, სამანტა პაუერი პირადად განიხილავდა.
USAID-ის ფაილებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა თბილისში. მმართველ გუნდში, ერთის მხრივ აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის მავნე პრაქტიკაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაცილებით ადრე დაიწყეს საუბარი, თუმცა ამავე დროს აღნიშნავენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, რადგან მათივე თქმით, დადასტურებულადაა ცნობილი, რომ USAID-ი დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებდა. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ USAID-ით სწორედ ბიძინა ივანიშვილი სარგებლობდა.