ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში

პარლამენტში გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ოპოზიციურ ფლანგზე უთანხმოება გაამწვავა.

ყოფილ პრემიერს და მის გუნდს ოპოზიციური ფორმატის დაზიანებას და შეთანხმების დარღვევას ედავებიან. ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად შექმნილი საკოორდინაციო პლატფორმის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების ერთი პუნქტი საკანონმდებლო ორგანოს არ აღიარებას გულისხმობს. ბოლო წუთებში გახარიამ პოზიცია შეცვალა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მივიდა, რასაც მისივე პარტიის წევრთა ნაწილიც სწორ ნაბიჯად არ მიიჩნევს. პრემიერობის პოსტიდან გადამდგარ და ოპოზიციაში წასულ პოლიტიკოსს გუშინდელი გადაწყვეტილების გამო ოპოზიციონერი აქტორები მწვავედ აკრიტიკებენ. დავის საგანია ექს-პრემიერის გამოსვლის ის ნაწილიც, რომელიც ცალკეული ოპოზიციური ძალების მხრიდან გაუქმებული საპარლამენტო მანდატების აღდგენის შესაძლო სურვილს და მცდელობას ეხებოდა. გიორგი გახარიას კონკრეტული აქტორების დასახელებას სთხოვენ. ბრალდებები კიდევ უფრო გაამწვავა იმ გარემოებამ, რომ პარლამენტში შესვლის თემაზე გუშინ დასმულ შეკითხვას მთავრობის ყოფილმა მეთაურმა მკაფიო პასუხი არც ამჯერად გასცა.