„უკრაინას შევთავაზეთ შობის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლა, სამწუხაროა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ცალსახად გამორიცხა“, – ასე პასუხობს ზელენსკის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს: „ევროკავშირის თავმჯდომარეობის დასასრულს უნგრეთმა ახალი ძალისხმევა გაიღო მშვიდობისთვის. ჩვენ შევთავაზეთ შობის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლა. სამწუხაროა, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ცალსახად უარყო და გამორიცხა. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო!“ – განაცხადა ვიქტორ ორბანმა. აღნიშნულს ზელენსკის მრჩეველი დმიტრი ლიტვინი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უნგრულ მხარეს არაფერი განუხილავს უკრაინასთან და არ გაუფრთხილებია მოსკოვთან კონტაქტების შესახებ.