უნგრეთის ეროვნულ საგადასახადო და საბაჟო სამსახურში აცხადებენ, რომ ბუდაპეშტში ინკასაციის მანქანების და უკრაინული სახელმწიფო ბანკის თანამშრომელთა დაკავება, ფულის სავარაუდო გათეთრებას უკავშირდებოდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, უკრაინის შვიდი მოქალაქის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება. მათივე მტკიცებით, დაკავებულებს შორის არის უკრაინის სპეცსამსახურების ყოფილი გენერალი, რომელიც ტვირთის გადაზიდვის მართვას ახორციელებდა. უნგრეთის საგადასახადო და საბაჟო სამსახურში ასევე განაცხადეს, რომ უნგრეთის გავლით, უკრაინაში წლის განმავლობაში 900 მილიონი აშშ დოლარი, 420 მილიონი ევრო და 146 კილოგრამი ოქრო გადაიტანეს. მათივე ცნობით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს ანტიტერორისტული ცენტრს ჩართულობით. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ უნგრეთს ბუდაპეშტში, უკრაინული სახელმწიფო ბანკის შვიდი თანამშრომლის გატაცებაში დასდო ბრალი, რომელთაც ფული და ოქრო გადაჰქონდათ. „ოსჩადბანკის“ ინფორმაციით, მათი ბანკის კუთვნილი საინკასაციო მანქანებში მყოფი შვიდი პირი, ბუდაპეშტში 5 მარტს დააკავეს. ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დ უნგრეთი უკრაინის მოქალაქეების მძევლად აყვანაში დაადანაშაულა.