უკრაინული წიაღისეულის საკითხი
უკრაინამ წიაღისეულთან დაკავშირებით აშშ-სთან ერთად 500-მილიარდ დოლარიანი ფონდის შექმნაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. ეს ფონდი უნდა გამხდარიყო შეთანხმების ნაწილი, რომელიც აშშ-ისთვის სასარგებლო წიაღისეულზე წვდომას უზრუნველყოფდა. ამ ფონდს ასევე უნდა აენაზღაურებინა შტატების დახმარება, რომელიც ვაშინგტონმა კიევს მიაწოდა რუსეთის შეჭრის შემდეგ. უკრაინა აცხადებს, რომ შტატების მხრიდან მიღებული დახმარების ფაქტობრივი თანხა დაახლოებით ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე ის თანხა, რაც ტრამპს სურს მიიღოს მინერალების ხელშეკრულებით. „ბლუმბერგის“ წყაროს ცნობით, უარის თქმის კიდევ ერთი მიზეზი არის შეერთებული შტატების მხრიდან გარანტიების არარსებობა მომავალი სამხედრო და ფინანსური დახმარების შესახებ. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვაშინგტონს იმ თანხის უკან დაბრუნება სურს, რომელიც უკრაინის დახმარებისთვის გასცა. საუბარია 350 მილიარდ დოლარზე.