უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართა
„ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის ფონზე,“ – ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ქართველი კოლეგისადმი გაგზავნილ წერილში წერს, სადაც მაკა ბოჭორიშვილს მადლობას უხდის უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ერთად შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებას შავი ზღვის რეგიონის საკეთილდღეოდ,“ – ნათქვამია ანდრეი სიბიგას წერილში. ასევე, წერილში საუბარია საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობაზეც.„სუამ-ის ჩარჩოს ჩვენი მრავალმხრივი რეგიონული თანამშრომლობის ეფექტიან მექანიზმად მივიჩნევ და მოუთმენლად ველი სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შემდეგ შეხვედრას, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში გაიმართება“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
წერილის დასასრულს, ანდრეი სიბიგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს, ხოლო ქართველ ხალხს – მშვიდობასა და კეთილდღეობას.