უკრაინის ოლქების ანექსიის გადაწყვეტილება

უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია ოფიციალურად გაფორმდა.

დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი, ზაპოროჟიე – ვლადიმერ პუტინმა ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან შეერთების დოკუმენტს სეპარატისტ ლიდერებთან ერთად ხელი მოაწერა. ხელმოწერამ რუსეთის პრეზიდენტის მკაცრი და მუქარის შემცველი განცხადებების ფონზე ჩაიარა. კრემლის ლიდერის გამოსვლა დასავლეთის მწვავე კრიტიკას დაეთმო. სახიფათო ესკალაცია და გაზრდილი ბირთვული საფრთხე – ცერემონია მწვავე საერთაშორისო რეაქციების ფონზე ჩატარდა. საერთაშორისო საზოგადოება მოსკოვს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს და რუსეთზე ზეწოლის კიდევ უფრო გაზრდას აანონსებს. ყირიმის შემდეგ უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონის ანექსიას კიევმა ნატოში დაჩქარებული გაწევრიანების განაცხადის გაკეთებით უპასუხა.