უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროები ადასტურებენ.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი მირიან გოჩაძეა, რომელიც 2012 წლამდე საქართველოში სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსი იყო. მან საქართველო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა და უკრაინაში წავიდა. ასევე დაკავებულია საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი თენგიზ ზანაძე. მესამე დაკავებული კი ლევან ხუციშვილია.

უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, სამი ნიღბიანი და შეიარაღებული მამაკაცი ბორისპოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში კერძო მეწარმის სახლს თავს დაესხა. სახლის მეპატრონეები დააბეს და ძვირფასეულობა და ფული წაიღეს. სამართალდამცველებმა თავდამსხმელები კიევი-ბორისპოლის ავტომაგისტრალზე დააკავეს. პოლიციის ცნობით, ისინი აეროპორტისკენ მიემართებოდნენ და სამშობლოში გაფრენას გეგმავდნენ.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულების საცხოვრებელ მისამართზე ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება.

დატოვე კომენტარი