უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, გელა გოგიას ოჯახი მის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს.
გელა გოგია ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა. როგორც მისი ახლობლები ჰყვებიან, ის და მისი თანამებრძოლები სარაკეტო დარტყმების ქვეშ მოყვნენ. მიღებული ჭრილობებისგან გელა გოგია გარდაიცვალა, რამდენიმე მებრძოლი კი დაიჭრა. გელა გოგია აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. ბოლო წლები ცხოვრობდა უკრაინაში და პირველივე დღიდან იბრძოდა რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ. მომხდარს ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და იუწყება, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. ასევე საგარეო უწყების ცნობით, დაჭრილია საქართველოს სამი მოქალაქე. ისინი უკვე საავადმყოფოში არიან და მკურნალობის შესაბამისი კურსი უტარდებათ.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომში 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.