უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლი, არკადი კასრაძე უკვე გორის რაიონში, ერგნეთში გადაასვენეს. მისი ცხედარი ვარშავიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას ჩამოასვენეს, ცხედარს მისი ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები საქართველოსა და უკრაინის დროშებითა და ანთებული სანთლებით დახვდნენ. დღესვე ქაშუეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
არკადი კასრაძე ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში შეტაკებების დროს დაიღუპა. მას ერგნეთში საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ხვალისთვის იგეგმება მასთან ერთად 16 აპრილს უკრაინაში დაღუპული ზაზა ბიწაძისა და ალიკა ცაავას საქართველოში ჩამოსვენება.