უკრაინა რუსული ინტერვენციის ზღვარზე

ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა ადასტურებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი უკრაინაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს, რადგან განიხილავს უკრაინაში შეჭრას და მის ოკუპაციას. „სიენენის“ წყაროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ანალოგიური მონაცემები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვასაც. ​„დიახ, ჩვენ ვნახეთ დაზვერვის მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთი ცდილობს, შეამციროს ხარჯები ხანგრძლივი ომისთვის, მაგალითად იმით, რომ შექმნას მეგობრული მთავრობა უკრაინაში და გამოიყენოს ჯაშუშური სააგენტოები“, – აცხადებს „სიენენის“ წყარო. მანამდე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კრემლი უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს, რადგან უკრაინაში შეჭრას და მის ოკუპაციას განიხილავს. უწყების ცნობით, პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ევგენი მურაევი განიხილება. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებას განცხადებით უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის განცხადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ნატო-ს ქვეყნები ანგლოსაქსების მეთაურობით, უკრაინის ირგვლივ დაძაბულობას აღრმავებენ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

დატოვე კომენტარი