უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები

ავიაიერიშების ფონზე წარმართული მოლაპარაკებები დასრულებულია.

ბელარუსში, გომელის ოლქი დღის მეორე ნახევარში მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო. თითქმის ექვსი საათის განმავლობაში უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები უკრაინა-ბელარუსის საზღვართან დიალოგს მართავდნენ. მეორე რაუნდი იქნება – ასეთია მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთებული მოკლე კომენტარი. სწორედ ამ დიალოგზე იყო დამოკიდებული, შეწყდებოდა თუ გაგრძელდებოდა რუსეთის მიერ 24 თებერვალს გამთენიისას დაწყებული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ოფიციალური კიევის მხრიდან მოლაპარაკების პროცესს მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია ხელმძღვანელობდა. რუსეთიდან ჩასულ დელეგაციას კი, პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი. უკრაინული მხარის მთავარი მოთხოვნაა, რომ რუსეთმა ქვეყანაში საომარი მოქმედებები შეწყვიტოს და უკრაინიდან საკუთარი სამხედრო ძალები გაიყვანოს.

უკრაინის დელეგაცია ადგილზე პოლონეთის გავლით პოლონური ვერტმფრენით ჩავიდა.