უკრაინა-ნატო და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი

ნატოს მაღალჩინოსანს სკანდალური განცხადების გამო განმარტების გაკეთება უწევს.

სტინ იენსენის მიერ ნორვეგიული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუს საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. საუბარია კომენტარზე, სადაც ალიანსის გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატოში გაწევრიანების ალბათობა დაუშვა და გამოსავლად ომში მყოფი ქვეყნის მხრიდან საკუთარი ტერიტორიების შესაძლო დათმობა მიიჩნია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირი მსგავს ნარატივს ავითარებს. რეაქცია განსაკუთრებით მძაფრი აღმოჩნდა ოფიციალური კიევის მხრიდან. ომის დასრულების შემდეგ ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება და ალიანსის წევრი ქვეყნების შეთანხმება – ეს პირობები წაუყენეს ომში მყოფ უკრაინას ნატოს ბოლო, ვილნიუსის სამიტზე ალიანსში გაწევრიანების სანაცვლოდ.