უილსონის მიმართვა და ორპარტიული ინიციატივა

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის ინიციატივები. ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით მორიგ მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები, ყოფილი თანამდებობის პირები მოუწოდებენ თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ივანიშვილის უკანონო რეჟიმი. ხელმომწერები თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდებენ, არ გამართონ შეხვედრები, მათი თქმით, უკანონო რეჟიმთან, ვიდრე ის არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგით ჩატარებულ არჩევნებს. ისინი მოუწოდებენ დემოკრატიულ მთავრობებს, ერთიანი სანქციები დაუწესონ ივანიშვილის რეჟიმს, „ქართული ოცნების“ წევრებს და პროპაგანდისტებს, რომლებიც, მათი თქმით, ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას და სუვერენიტეტს. „ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პარტიამ აირჩია, უგულებელყოს ოპოზიციის და საერთაშორისო მონიტორების ლეგიტიმური შეშფოთებები ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, დასვა ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო და ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ სასტიკად უპასუხეს ასობით ათას დემონსტრანტს ღამის აქციებზე. საქართველოს მოსახლეობა ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ უნდა ვიდგეთ მათ გვერდით“, – აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც 43 პირი აწერს ხელს. ასევე შეგახსენებთ კონგრესმენ ჯო უილსონისა და სტივ კოენის კიდევ ერთი ინიციატივას სახელწოდებით „ქართული კოშმარის არ აღიარების აქტი“. აღნიშნული დოკუმენტი კრძალავს აღიარებას ან ურთიერთობების ნორმალიზებას „საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მარიონეტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე დანაშაულების გამო”.