უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება
ბათუმში, ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება გაიმართა.
ქვედანაყოფის დროშის გადაბარების ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად დაესწრო. დღეიდან მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას ვიცე-პოლკოვნიკი დავით ბოლქვაძე უხელმძღვანელებს. ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების შემდეგ, პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრმა მიმართა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში დამკვიდრებული დროშის გადაბარების ტრადიცია, ქართულ ჯარში არსებული ურთიერთპატივისცემის, ინსტიტუციური მემკვიდრეობისა და განგრძობადობის მნიშვნელობას ეყრდნობა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, გაგრძელდება ეროვნული გვარდიის მხარდაჭერა ქმედითი და ეფექტიანი ტერიტორიული თავდაცვის განვითარების, ასევე ინფრასტრუქტურის მოდერნიზების, სასწავლო ცენტრების განვითარებისა და შესაბამისი საშუალებებით აღჭურვის კუთხით. სამხედროებს, ასევე თავდაცვის ძალების მეთაურმა და ეროვნული გვარდიის უფროსმა მიმართეს და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. ღონისძიების დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი ბრიგადის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა ეროვნული გვარდიის ბალანსზე არსებული და განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა.