უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვა

აქციამდე იყო ხმაურიანი განხილვა.

პარლამენტი დილიდან მთავარი პოლიტიკური მოვლენის ეპიცენტრად იქცა. ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის გეგმა ძალაში დარჩა. მუხლობრივი განხილვის და დაპირისპირების შემდეგ პროექტი იურიდიულმა კომიტეტმა დღის ბოლოს მეორე მოსმენით დაამტკიცა. მანამდე დარბაზში ვითარება არაერთხელ დაიძაბა. სიტყვიერთან ერთად იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. ოპონენტების მხრიდან დღეს ყველაზე ხშირად სიტყვები მონა და რუსი ისმოდა. ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილი დარბაზიდან გააძევეს. ოპონენტები კონკრეტული მუხლებით ცდილობდნენ, პარალელები რუსეთში მოქმედ რეგულაციებთან გაევლოთ და დაემტკიცებინათ, რომ სადავო პროექტი რუსეთში 12 წლის წინ მიღებული კანონის ანალოგია. უცხოურ გავლენებზე ამერიკაში მოქმედი და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ინიცირებული რეგულაციების მოშველიებით საპირისპიროს ამტკიცებდნენ მმართველი გუნდის ლიდერები. „ქართული ოცნება“ ოპონენტებს არგუმენტების ნაკლებობაზე მიუთითებს, ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ დღეს ოპონენტების ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვა.