უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ახალი რეგულაციები ევროპაში 

ევროპარლამენტის მიერ მიღებულმა ახალმა კანონმა დღის წესრიგში ის საკითხი გაააქტიურა, რომელიც ბოლო ორწელიწადნახევარია, საქართველოში პოლიტიკური ვნებათაღელვის თემაა.

ბრიუსელმა მესამე ქვეყნების მხრიდან ლობიზმის გამჭვირვალობის მიზნით კანონმდებლობა დაამტკიცა, რომელსაც კენჭისყრის დროს 392 მომხრე და 88 მოწინააღმდეგე ჰყავდა. შეიქმნება ლობისტების რეესტრი, რომელშიც ყველა ის ორგანიზაცია უნდა გაწევრიანდეს, რომლის საქმიანობა ევროკავშირის წევრი ქვეყნის პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. ცალკეულ შემთხვევებში რეესტრში აღრიცხვა მოუწევთ გრანტის მიმღებ სამოქალაქო ორგანიზაციებსაც. მმართველი გუნდი პარალელს 2023 წელთან ავლებს, როცა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი საქართველოში პირველად დაინიცირდა, თუმცა მაშინვე ევროკავშირის ლიდერების, ოპოზიციის და მესამე სექტორის ნაწილის მხრიდან რუსულ კანონად გამოცხადდა. ქვეყანაში უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების კონტროლი უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტით ხორციელდება, რომელიც ამერიკაში მოქმედი „ფარას“ ქართული ანალოგია. თუმცა ბრიუსელი, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიები და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში პროტესტის ფონზე მიღებულ კანონს მედიის და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავ კანონად აცხადებს და ევროპარლამენტში დღეს დამტკიცებულ კანონმდებლობასთან მსგავსებას ვერ ხედავს. სწორედ გამჭვირვალობის კანონის გაუქმებაა ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც ბოლო დროის ყველა ზეპირ განცხადებასა თუ რეზოლუციებში ფიგურირებს.