უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა – ჩეხეთის ახალი პოლიტიკა
„გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოში მიღებული კანონის ერთ-ერთი გამორჩეული კრიტიკოსი ჩეხეთი, მსგავსი შინაარსის კანონის მიღებას გეგმავს. ის, რომ გამჭვირვალობა პრიორიტეტი იქნება, ეს ჩეხეთის ახალი კოალიციური მთავრობის პროგრამიდან ირკვევა. 38-გვერდიან დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად საუბარია მესამე სექტორზეც. პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული ორგანიზაციებისთვის სავალდებულო ხდება, საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობა და იკრძალება სახელმწიფო დაფინანსების გამოყენება პოლიტიკური აქტივიზმისთვის. რატომ არის საქართველოსთვის მიუღებელი ის გადაწყვეტილებები, რაც ჩეხეთში ეროვნული ინტერესების დაცვად და გარე ჩარევების პრევენციად ცხადდება – ეს არის კითხვა, რომელსაც ქართული ოპოზიციის ნაწილი თავს არიდებს, მეორე ნაწილი კი ჩეხეთთან პარალელების გავლებას არარელევანტურად მიიჩნევს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ჩეხეთის ახალი მთავრობის გეგმები, „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ რეზონანსული კანონების მიღება ქვეყნისთვის აუცილებელი იყო.