„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტზე დღეს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს.
ცვლილებათა პაკეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი „ფარას“ ზუსტი თარგმანია. კანონპროექტით განიმარტა აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები. მოწესრიგდა სუბიექტის აგენტად რეგისტრაციის საკითხი; 16-გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომელმაც პარლამენტს ანგარიში ექვს თვეში ერთხელ უნდა წარუდგინოს. კანონპროექტის მიხედვით, ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ. ცვლილებების მიღების შემდგომ, უკვე მიღებული უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონის გაუქმება იგეგმება.