უბედური შემთხვევა თბილისში

ტრაგედიით დასრულებული კიდევ ერთი მშენებლობა თბილისში.

ჭავჭავაძის გამზირის ხუთ ნომერში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის შემდეგ სამშენებლო კომპანიას საქმიანობის უფლება შეუჩერეს. სამშენებლო პერიმეტრზე, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა, წინასწარი მონაცემებით უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო.

სამშენებლო კომპანია, რომელიც ჭავჭავაძის გამზირის ხუთ ნომერში სამედიცინო კლინიკას აშენებს, პასუხისმგებლობას იხსნის და მას ქვეკონტრაქტორ კომპანიას აკისრებს.

ორი მუშა ჩამოშლილმა მიწამ მაშინ იმსხვერპლა, როცა ისინი მშენებარე ობიექტის საძირკვლის გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებდნენ.

მორიგმა ტრაგედიამ შრომითი უსაფრთხოების გამკაცრების საკითხი კიდევ ერთხელ გაააქტიურა. აგვისტოდან რისკისშემცველი ობიექტების მონიტორინგი გამკაცრდა და მას შემდეგ შრომის ინსპექცია მათ გაუფრთხილებლად ამოწმებს, თუმცა ინსპექტორების მანდატი სამშენებლო სექტორზე ამ დრომდე არ ვრცელდება.

მძიმეა სტატისტიკა. მხოლოდ ბოლო სამ თვეში სამშენებლო ობიექტებზე უკვე რვა ადამიანია დაღუპული.