„2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში “- ეს კიდევ ერთი ჩანაწერია იმ ანგარიშიდან, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო, თუმცა ჩანაწერის მიუხედავად, ოპოზიციაში პოზიციები კვლავ განსხვავებულია. პოლიტიკური პარტიები სხვადასხვანაირად კითხულობენ ჩანაწერსაც. პარტია „ლელოს“ აზრით, მოწოდება მათ მოსაზრებასთანაა თანხვედრაში, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. რადიკალურად განსხვავებულია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერების პოზიციები. ნიკა გვარამიას და თინა ბოკუჩავას შეფასებით, ანგარიშში არჩევნებში მონაწილეობის მოწოდება არ იკითხება და მთავარი გზავნილი ოპოზიციის გაერთიანებაა. რაც შეეხება არჩევნებს, ამ შემთხვევაში გვარამია და ბოკუჩავა ყურადღებას კონკრეტულ პირობებზე ამახვილებენ.